
ჩიკაგოში დემოკრატების ყრილობაზე ბაიდენმა დელეგატებს მიმართა: ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის
20/08/2024 06:16:12 მსოფლიო
ჩიკაგოში დემოკრატების ყრილობაზე აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელეგატებს მიმართა.
81 წლის ჯო ბაიდენმა, რომელსაც ხანგრძლივი ტაშით შეეგებნენ, ისაუბრა თავის მრავალწლიან კარიერაზე და პრეზიდენტობის პერიოდის მიღწევებზე. ბაიდენის განცხადებით, "იყო შეცდომებიც, მაგრამ ამერიკას მისცა ყველაფერი, რაც შეეძლო".
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა კამალა ჰარისსა და ჰარისის ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმ უოლცს:
"ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის. მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის", – განაცხადა ბაიდენმა.
ჩიკაგოში დემოკრატების ოთხდღიანი ყრილობა 19 აგვისტოს გაიხსნა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ ქვეყნის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს.
59 წლის კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის.
2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიიდან მისი მეტოქეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.