Accentnews.ge
ლონდარიძე: "ხორავას ქუჩის საქმე, რომელსაც "ოცნება" NGO–ების დაგეგმილ გადატრიალების მცდელობად მოიაზრებს, ქართველი ხალხის ბრძოლაა სამართლიანობისათვის"

ლონდარიძე: "ხორავას ქუჩის საქმე, რომელსაც "ოცნება" NGO–ების დაგეგმილ გადატრიალების მცდელობად მოიაზრებს, ქართველი ხალხის ბრძოლაა სამართლიანობისათვის"

20/08/2024 14:34:57 სამართალი

"ხორავას ქუჩის საქმე, რომელსაც "ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების ( NGO) მიერ დაგეგმილ გადატრიალების მცდელობად მოიაზრებს ქართველი ხალხის ბრძოლაა სამართლიანობისათვის და ასეც დარჩება", – ასე ეხმიანება ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი ნესტან ლონდარიძე „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, "ხელისუფლება, რომელსაც ქართველმა ხალხმა 2012 წელს სრული ნდობა გამოუცხადა, თავისი ხელისუფლების დასასრულს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევა".

"ხორავას ქუჩის საქმეზე 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, დაადასტურა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო გამოძიების სრულყოფილად წარმართვა და ყველა დამნაშავის გამოვლენა. დადასტურდა, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტური იყო და ჰქონდა არაერთი ხარვეზი. დაგვიანებით ჩატარებული ან საერთოდ ჩაუტარებელი საგამოძიებო მოქმედებებები აღრმავებდა ეჭვებს, რომ გამოძიება თავიდანვე არ იყო მიმართული დამნაშავეთა გამოსავლენად. ეს მოსაზრება გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელმაც 2018 წლის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ღიად აღნიშნა სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ნიშნების აშკარა არსებობისა და ამ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირების დეფიციტზე.

სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით გამოიკვეთა, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით, სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, ამ მიმართებით გამოძიების დაწყება.

დღესაც უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალწარმოება გაგრძელდეს იმ პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებებშიც იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. სამართალწარმოების მიზანი არა მხოლოდ იმ სამართალდამცავთა თუ სხვა თანამდებობის პირთა დასჯაა, რომლებმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გამოძიებას ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ და ობიექტურად გამოძიებას, არამედ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სისტემის გაჯანსაღებისათვის. ასეთი დანაშაულების დაუსჯელად დატოვების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება იმ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრა, რაც შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვას. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს სრულყოფილად წარმართული გამოძიება, რაც სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.

ხორავას ქუჩის საქმე, რომელსაც "ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ გადატრიალების მცდელობად მოიაზრებს ქართველი ხალხის ბრძოლაა სამართლიანობისათვის და ასეც დარჩება.

უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს და შევახსენებ ხორავას ქუჩის საქმეს.

საგამოძიებო უწყების ის წარმომადგენლები, რომელთა ქმედებაშიც იკვეთებოდა სავარაუდო სამოხელეო დანაშაული დღემდე აგრძელებენ საქმიანობას და ვინ იცის რამდენ გაუხმაურებელ საქმეს დაატყვეს თავიანთი უსამართლო ხელი", – წერს ლონდარიძე სოციალურ ქსელში.

რა თქვა "ოცნებამ"

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს "საეჭვო" უწოდა, ხოლო მოსამართლე ეკა არეშიძეს – "უცხოელებისგან საეჭვო პრივილეგიებით მოსაგრებლე".

"ოცნება" მიიჩნევს, რომ "ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა".

"ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება, იყო დაკავშირებული", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს არასრულწლოვან დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 22 იანვარს დაიწყო. დაცვის მხარე იმთავითვე აღნიშნავდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული. დაუდგენელი იყო ბევრი დეტალი, რომელიც კითხვებს აჩენდა. ამასვე ამბობდა დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

მისი განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვა ბრალდების მხარის ე.წ. „ოქროს მოწმის“ – მიხეილ კალანდიას ჩვენებებს, უფრო ზუსტად კი შეცვლილ ჩვენებებს. მთელი პროცესის განმავლობაში მიხეილ კალანდიამ საკუთარი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას, როგორც შვილის მკვლელს, ისე მოიხსენიებდა და მის დასჯას მოითხოვდა. მისი მტკიცებით, ე.წ. „ოქროს მოწმეზე“ ზეწოლა ხორციელდებოდა. ზაზა სარალიძის ბრალდებებში გაისმა პროკურატურის მაშინდელი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის სახელი და გვარიც. შვილმოკლული მამის თქმით, სწორედ მირზა სუბელიანი ახორციელებდა ზეწოლას გამოძიებაზე, რომელიც, მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმის მიჩქმალვას ცდილობდა. 31 მაისს თითქმის ოთხთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ გ.ბ დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გ.ჯ დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ განაჩენის შესაბამისად, უცნობი დარჩა ვინ მოკლა დავით სარალიძე. მოსამართლე ამ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი თავისუფალი იყო.

სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას თბილისში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, მათ შორის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში თითქმის ერთ წელს გაგრძელდა.

ამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S