
უკრაინის გენშტაბმა ყოველდღიურ ანგარიშში კურსკის ოპერაცია პირველად ახსენა
21/08/2024 06:25:16 მსოფლიო
უკრაინის გენშტაბმა ყოველდღიურ ანგარიშში კურსკის ოპერაცია პირველად ახსენა.
20 აგვისტოს ღამით გამოქვეყნებულ ანგარიშში გენშტაბი ერთი წინადადებით აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები კურსკის მიმართულებით შეტევით ოპერაციას განაგრძობენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 20 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1260 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 93 დასახლებას აკონტროლებენ.
სირსკიმ განმარტა, რომ კურსკის ოპერაციის მიზანია უსაფრთხოების ზონის შექმნა და რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის სუმის ოლქზე თავდასხმების შეწყვეტა.
კურსკის ოლქზე უკრაინელების შეტევის გამო რუსეთი იძულებული გახდა ამ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაეგზავნა და სასაზღვრო რაიონებიდან გაეყვანა ათეულობით ათასი ადამიანი.
კურსკის ოლქში გამოცხადებულია ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა და „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი".
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 12 აგვისტოს განაცხადეს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების კონტროლქვეშაა 28 დასახლებული პუნქტი.