რუსეთთან ეკონომიკური პარტნიორობის "სანდოობა": რატომ დაიბლოკა სომხური კონიაკი

21-08-2024 14:32:35 კავკასია ,პოლიტიკა

რუსეთი მორიგ ჯერზე დემონსტრირებს, რამდენად "სანდოა", როგორც ეკონომიკური პარტნიორი და რამდენადაა რეალურად "გამიჯნული" მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობა.

ის, რომ კრემლი ეკონომიკურ ბმას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს, წარსულში არაერთგზის გამოუცდია საკუთარ თავზე საქართველოსაც, რომლის ამჟამინდელი ხელისუფლება, ამის მიუხედავად, სულ უფრო მეტად "აბამს" ქვეყანას რუსეთის ეკონომიკას. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოკუპანტი სახელმწიფო სადღეისოდ საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტიორების სამეულშია.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სომხეთიდან კონიაკისა და სხვა სახის ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტი შეაჩერა.

როგორც ამასთან დაკავშირებით "როსპოტრებნადზორში" განმარტეს, "რუსეთისთვის მიწოდებული პროდუქციის 90% არ შეესაბამება გაცხადებულ ხარისხს, ნაწილი კი საერთოდაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და როგორც კვლევამ აჩვენა, სომხური პროდუქციის ნახევარი არაყურძნისეული წარმომავლობის სპირტს შეიცავს".

არადა, როგორც ერევანში აცხადებენ, იგივე პროდუქცია მიეწოდებოდა რუსეთს მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში და არც ერთ კვლევას რაიმე დარღვევა არ გამოუვლენია.

ერევანში მოსკოვის გადაწყვეტილებას ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბოლოდროინდელ პრობლემებს უკავშირებენ და წმინდად პოლიტიკური მოტივებით ხსნიან.

კერძოდ, როგორც ერევანში აღნიშნავენ, მოსკოვმა სომხური პროდუქცია სომხეთის "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან" გასვლის შემდეგ მალევე მიიღო. თავის მხრივ, ერევანმა რუსეთის თაოსნობით ჩამოყალიბებული და მოქმედი ამ ორგანიზაციიდან გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობისას ორგზის მიმართვის მიუხედავად, სომხეთს არც ცალკე აღებული რუსეთი დაეხმარა, არც მთლიანობაში ОДКБ, რომელიც თავის დროზე ნატო-ს ერთგვარ ალტერნატივად იყო ჩაფიქრებული და წესდების თანახმად, ვალდებული იყო, წევრი სომხეთისთვის დახმარება გაეწია. ბოლო პერიოდში ოფიციალური ერევანი თავდაცვის სფეროში პარტნიორებს დასავლეთის ქვეყნებში ეძებს და პულობს კიდეც.

იხილეთ ასევე: სომხეთი რუსეთს სიცრუეში ადანაშაულებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები