
ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტს იხსენებს და ქართველებს მიმართავს
27/01/2020 10:39:47 ციტატა
„რთული დღეა ჩემთვის და ყველასთვის, ვინც კალათბურთის გულშემატკივარია. ალბათ, განსაკუთრებით, ჩემი თაობისთვის, რომელიც გაიზარდა კობის ყურებით და მისი გულშემატკივარი იყო მთელი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში 16 სეზონის განმავლობაში. როდესაც ცნობილი იყო, რომ კალათბურთს ანებებდა თავს, რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ თამაშის შემდეგ და მქონდა შესაძლებლობან მეთქვა, რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემდი და მადლიერი ვიყავი მისი, რომ კალათბურთი მე და ძალიან ბევრს ასე შეგვაყვარა. ამის შემდეგ რესტორანში შევხვდი. მეგობრებთან ერთად ვიყავი. მოულოდნელად მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, ყველას მიესალმა და გააცნო თავი, თუმცა გაცნობა ნამდვილად არ სჭირდებოდა. მოედანზე ვის წინააღმდეგაც პირადად მითამაშია, ყველაზე ძლიერი კალათბურთელი იყო და მოედნის გარეთაც ასეთივე იყო. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. ეს ადამიანი 41 წლის ასაკში წავიდა თავის ანგელოზ გოგოსთან ერთად, რომელიც ასევე თამაშობდა. მამა–შვილი კალათბურთზე მიდიოდნენ ვერტმფრენით და ცოცხალი აღარცერთი აღარაა.
ჩემი მოწოდება და თხოვნა იქნება ქართველებისადმი, რომ გაითვალისწინონ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ერთმანეთი, მოვიშოროთ ნეგატივი გულიდან, ტვინიდან. სამწუხაროდ, ბოლო წლებია და თვეებია ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ნეგატივია. ეს კარგი არ არის. საბოლოოდ არავის არაფერი დარჩება, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა“.
ამის შესახებ NBA-ის ქართველმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.