
ცხინვალი: დე ფაქტო საზღვრის კვეთას 10 დღის განმავლობაში 300-მდე პენსიონერი შეძლებს
27/01/2020 10:40:56 კონფლიქტები
“რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტით 10 დღის განმავლობაში გადაადგილებას 300-მდე პენსიონერი შეძლებს, - იუწყება ოსური მედია ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
იგი აზუსტებს, რომ საუბარია მხოლოდ იმ პენსიონერებზე, რომელთაც ე.წ. “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა” არ გააჩნიათ.
«უკვე მესამე დღეა, გამშვები პუნქტი გახსნილია პენსიონერებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვისაც არ გააჩნია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. შესაბამისი საბუთების (საშვის) მქონე ლენინგორელები [ახალგორელები – რედ.] საზღვრის კვეთას 10 დღის განმავლობაში შეძლებენ», - განაცხადა ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა.
პენსიონერებს გასული წლის სექტემბრიდან პირველად 24 იანვარს მისცეს შესაძლებლობა, პენსიის ასაღებად ახალგორიდან დროებით მაინც გასულიყვნენ. ცნობისთვის: ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დე ფაქტო საზღვარი ქართული მხარის მიერ გასული წლის აგვისტოში სოფელ წნელისთან საპოლიციო საუშაგოს გახსნის საპასუხოდ ჩაკეტა. ამასთან, ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლების მიერ საგუშაგოს მოწყობაზე ცხინვალის რეაქცია “გადაჭარბებულად” მიჩნია.