
პრემიერი: 2024 წელს უნდა დავასრულოთ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში
21/08/2024 17:26:51 ციტატა
"2012 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დავასრულეთ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში. 2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკაში. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! „ნაცმოძრაობის“ გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის, ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი და საქართველომ შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით. 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება, დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა, დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები, დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!", – ამის შესახებ "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში "ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.