
ზელენსკი: კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება
22/08/2024 06:14:59 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება პარტნიორების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობაზე:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა რეალურად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები თითოეული პაკეტისთვის, ყველა ჩვენი შეთანხმებისთვის. ეს არის ფუნდამენტური თავდაცვისთვის. ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში - ჩვენი საბრძოლო მუშაობა გრძელდება, ნაბიჯები იდგმება. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ბიჭს, ყველა ჩვენს ქვედანაყოფს გაცვლის ფონდის შემდგომი შევსებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 20 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1260 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 93 დასახლებას აკონტროლებდნენ.