
კალაძე: „ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, ამიტომ უსაფრთხოების ზომები გაზრდილია, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრის მკადრებელია
22/08/2024 09:13:55 ციტატა
"ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სიმშვიდე, „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია [...] ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დაამთავრა ბოროტება, რომელიც იყო წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ბიძინა ივანიშვილმა გადადო ყველაფერი, თავისი სიცოცხლის და ოჯახის ფასად, და 2012 წელს დაამარცხა ბოროტება. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. ეს არის რადიკალური დაჯგუფება – დავარქვათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან, შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, რომ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ. ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და განწირული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
21 აგვისტოს მცხეთაში ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიება გაიმართა. პარტიის საპატიო თვამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თანაპარტიელებისგან განსხვავებულ ადგილას იდგა, მის წინ კი მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული.