
მედია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ პოლონეთისთვის გერმანული ჭურვების მიწოდება შეაჩერა, რათა ისინი უკრაინაში არ მოხვდეს
23/08/2024 14:09:44 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ პოლონეთისთვის გერმანული ჭურვების მიწოდება შეაჩერა, რათა ისინი უკრაინაში არ მოხვდეს, – იუწყება პოლონური გაზეთი Rzeczpospolita.
გამოცემის ცნობით, ვარშავამ თავისი მარაგების შესავსებად 155 მმ. კალიბრის 50 ათასი ჭურვი შეუკვეთა სამხრეთ აფრიკაში მდებარე გერმანული Rheinmetall-ის ქარხანას ჯერ კიდევ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე.
პოლონეთს ჭურვები არ მიუღია. შეიარაღების ეროვნულ სააგენტოში Rzeczpospolita–ს განუცხადეს, რომ კონტრაქტი 2023 წლის აგვისტოში გააუქმეს, „ქვეკონტრაქტორის მიერ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო".
ახლა ვარშავა საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეაში ყიდულობს, საარტილერიო ქარხანა შეიძლება აშენდეს პოლონეთშიც.