
ზელენსკი: რუსეთის მასირებულ იერიშზე პასუხს ვამზადებთ
27/08/2024 05:38:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინაზე რუსეთის მასირებულ იერიშზე პასუხის საკითხი განიხილა.
„დღე დავიწყე ხანგრძლივი საუბრით მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან: ვისაუბრეთ ამ სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაზე, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენს პასუხზე, რომელსაც ვამზადებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ასევე ისაუბრეს F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე.
როგორც მან აღნიშნა, განიხილეს სიტუაცია სხვა ფრონტებზეც, მათ შორის პოკროვსკის მიმართულებაზე, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერის თქმით, მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად.
ცნობისთვის: მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს.
ზელენსკის თქმით, 26 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოუყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება. 26 აგვისტოს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 პირი დაშავდა.