
პრეზიდენტი: "ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა შემართების დროა, არჩევნებზე ყველანი უნდა წავიდეთ"
27/08/2024 14:41:26 ციტატა
"მჯერა, თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დრო არის შემართების და ყველანი არჩევნებზე უნდა წავიდეთ. იმედის დაკარგვა არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციების შემდეგ და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა. უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია. პირიქით, როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და შეინარჩუნა მისი თვითმყოფადობა, რწმენა მომავლისა არის ჩვენი საიდუმლო. ამიტომ, მწამს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი. არავინ დარჩება სახლში. ეს იქნება ჩვენ დიასპორაში თუ აქ, ქვეყანაში. 26 ოქტომბერი არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდოპროევროპულებით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.