პედიატრი: „კორონავირუსის გავრცელების რისკები შეიცვალა და საქართველო მაღალი რისკის ქვეშ ხვდება“
28/01/2020 08:34:49 საზოგადოება
პედიატრ თამარ ოგბაიძის განცხადებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების რისკები შეიცვალა და საქართველო მაღალი რისკის ქვეშ ხვდება.
“ჩინეთის გარეთ ვირუსი დაფიქსირდა ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში. ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში - მაღალი. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ”,- განაცხადა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, ვირუსი ვრცელდება ძალიან სწრაფად და ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, თუმცა ყველა შემთხვევაში სიკვდილობას არ იწვევს.
როგორც პედიატრი განმარტავს, კორონავირუსის სიმპტომები სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსია: ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა, ტკივილი მკერდის არეში, რაც ახასიათებს გრიპსაც, ამიტომ დადასტურება მხოლოდ ლაბორატორიული გზით ხდება.
რაც შეეხება პრევენციას, ვინაიდან ამ დროისთვის ვაქცინა არ არსებობს, პედიატრის რეკომენდაციაა კონტაქტების შეზღუდვა მათთან, ვისაც აქვს ხველა, მაღალი ცხელება; ვიბანოთ ხელები ძალიან ხშირად და ეს უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში; არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები.
პედიატრმა უპასუხა აქტუალურ კითხვას ჩინეთიდან ჩამოსული ამანათების მეშვეობით ვირუსის გავრცელების საფრთხის შესაძლებლობაზე და განმარტა, რომ “ნებისმიერი ტიპის ვირუსი მშრალ გარემოში დიდხანს ვერ ძლებს”.
„მიუხედავად ამისა, ჩინური ფოსტა ავრცელებს ინფორმაცის, რომ ყველა ამანათი, რომელიც მოდის ჰუვეის რეგიონიდან, ორგზის დეზინფექცის დაექვემდებარება”,- დასძინა პედიატრმა.
საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, აიკრძალა ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი.


