პროტოპრესვიტერი: არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის

28-08-2024 15:14:10 საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარებას, რაც მიუღებელია ეკლესიისთვის.

"არაოფიციალურ დონეზე იყო გარკვეული კითხვა საქართველოს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომ ხომ არ იქნებოდა უკეთესი ეკლესიის ავტორიტეტის კიდევ უფრო ამაღლებისთვის და მისი სტატუსის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება, რა თქმა უნდა, გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარების პროცესს. ეს ეკლესიისთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, არის ბევრი რისკი. შეიძლება, დღეისთვის, დღეს არსებულ ხელისუფლებასთან მიმართებაში ეს არ იყოს, მაგრამ ზოგადად, ეს გულისხმობს გარკვეულ დაქვემდებარებას სახელმწიფოსადმი. საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც გულისხმობს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამიტომ, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის. ყველაზე დიდი რისკი ის არის, როგორ გამოიყენებს ამას რომელიმე ხელისუფლება. დღეს ჩვენ ხელისუფლებასთან არ გვაქვს პრობლემა და არის უაღრესად ჰარმონიული ურთიერთობა, მაგრამ, მომავალში როგორ იქნება, ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება თუნდა მართლმადიდებლობის იმ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ის დაექვემდებაროს სახელმწიფოს გავლენას", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, მამა გიორგი ზვიადაძე.

ამავე თემაზე: ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები