
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი: “დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვას არავისთან ვაპირებ, - ის ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრა”
28/01/2020 10:16:51 კონფლიქტები
აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ წუხელ ადგილობრივ Apsua TV-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც, მათ შორის, განმარტა, რას გულისხმობდა ამასწინათ ქართულ ტელეარხებთან ინტერვიუში “საქართველოსთან დიალოგის საჭიროებაზე” საუბრისას. იმის განმარტებისას, კონკრეტულად რა სახის დიალოგი იგულისხმებოდა, ბჟანიამ პირველ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას მიერ 1997 წელს ქართული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვების ციტირება მოახდინა: «მე მჯერა, რომ საქართველო და აფხაზეთი ნორმალურად განვითარდებიან და დადგება მომენტი, როდესაც ერთმანეთისთვის ხელის გაწოდებას შევძლებთ. არასოდეს დამინახია ქართველ ხალხში მტრის ხატი. ერთად უნდა დავსხდეთ და ბოლომდე დავამუშავოთ ის, რაც დაუმუშავებელი დარჩა. მე ყოველთვის მზად ვარ საქართველოს ხელმძღვანელობასთან შესახვედრად».
ბჟანიას თქმით, “ეს სიტყვები ჭკუის სასწავლებელია მათთვის, ვინც დღეს აფხაზეთში დაკავებულია პოლიტიკით – როგორ ჩამოყალიბდეს ურთიერთობები, მათ შორის – საქართველოს რესპუბლიკასთან».
«დამირეკეს და ქართულ გამოცემად წარმიდგინეს თავი, მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა ინტერვიუს მისაცემად. რა თქმა უნდა, ვარ. აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვას არავისთან ვაპირებ, - ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრა. მაგრამ მათთვის, ვინც არ იცის გეოგრაფია, ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენ ბევრი გვაქვს მათთან [საქართველოსთან] სხვადასხვა სახის კონტაქტი, ეკონომიკურიც, მათ შორის - “ენგურჰესი» - დასძინა ოპოზიციონერმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნოდ სავარაუდო მოწამლვის შემდეგ დაახლოებით ერთი თვეა, ოკუპირებუო აფხაზეთში დაბრუნდა და ამჟამად სანატორიუმში აგრძელებს მკურნალობას.