
ბესელია – მოსამართლეებს: სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორე მხარეს – რამდენიმე ადამიანი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომელია უპირველესი
29/08/2024 09:59:15 პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ მოსამართლეებს მიმართა, რომ კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რა შეუქცევად საფრთხეს ქმნის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
„თუ ამ კანონს თქვენ შეაჩერებთ და ამას გააკეთებთ რაც შეიძლება მალე, იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს 78-ე მუხლს. თუ არა, მჯერა, ისევე როგორც, ამ დარბაზში, თქვენ გიყურებთ, ეს კანონი მაინც გაუქმდება, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად და მალე, ეს იმ მოსალოდნელ ზიანს ააცილებს ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურია. ერთი თუ ორი პროექტი, რამდენიმე მილიონიანი დახმარება და ა.შ ეს შეიძლება იყოს ზიანის შემადგენელი ნაწილი და არასრული ჩამონათვალი, მაგრამ მას აქვს განგრძობითი ხასიათი, იმიტომ, რომ ამ თანმიმდევრობით ბევრი სხვა დახმარება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ, ჩერდება. [...] სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი. ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას და მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი კიდევ ერთხელ გაიაროს. სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“,- მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ „აგენტების კანონის“ განხილვა დღეს დაიწყო.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.