30-08-2024 15:59:10 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თქმით, ერთობლივი წვრთნები იმიტირებული სცენარის მიხედვით წარიმართა, ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს.
„სწავლების მონაწილეებმა ზღვაში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილზე გადატანისა და გაუვნებელყოფის კომპონენტებიც შეასრულეს.
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა. სამხედრო წვრთნები საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობებს შორის თავსებადობის გაძლიერებასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.