
სტოლტენბერგი – კურსკის ოპერაციაზე: უკრაინის თავდაცვის უფლება მის საზღვარზე არ მთავრდება
31/08/2024 05:47:09 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ჩარჩოებში ექცევა. ამის შესახებ მან გერმანული გამოცემის "Welt am Sonntag" ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.
„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ეს უფლება მის საზღვარზე არ მთავრდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, NATO-ს ხელმძღვანელობა უკრაინის გეგმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა და ამ გეგმების განხორციელებაში მათ არანაირი როლი არ შეუსრულებიათ.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანია ბუფერული ზონის შექმნა და ამით საზღვრიდან რუსეთის თავდასხმების აღკვეთა. როგორც ყველა სხვა საომარი ოპერაცია, ეს ოპერაციაც დაკავშირებულია რისკებთან, მაგრამ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 27 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1294 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 100 დასახლებას აკონტროლებდნენ.