ენათმეცნიერების ინსტიტუტი გაემიჯნა მარინა ბერიძის მოსაზრებებს „აგენტების კანონზე“

02-09-2024 11:25:39 პოლიტიკა ,საზოგადოება

ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნანა მაჭავარიანი გაემიჯნა საკონსტიტუციო სასამართლოში ენათმეცნიერი მარინა ბერიძის კვლევას „აგენტების კანონის“ ფორმალური დასახელების შესახებ. მაჭავარიანის კომენტარი 1 სექტემბერს პროსახელისუფლებო არხმა „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, ბერიძის პოზიცია „არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას“:

„ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და, მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა“.

მაჭავარიანმა ბერიძის პასუხად განაცხადა, რომ ის საკითხები, „რისთვისაც [ბერიძე] ცდილობდა, თავი გაერთმია, არის უფრო ფსიქოლოგიური და არა ენათმეცნიერული“:

„გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე. ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა. მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც ე.წ. აგენტების საქმეს განიხილავენ, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს მოუსმინეს.

ბერიძემ, რომელიც პროცესზე ერთ-ერთი მოსარჩელე მხარის, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიწვევით იმყოფებოდა, განმარტა, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“ მხოლოდ უარყოფითი კონოტაცია აქვს.

"აგენტის ფუნქცია არ წასულა არსად, კანონიდან ის ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა ამ კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა - აგენტმა... ტერმინ [უცხო ძალის ინტერესების] გამტარებელს შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა და ბალანსი, რომ არ გამხდარიყო... ფაქტობრივად ის გავასინონიმეთ აგენტთან ასეთი მარტივი მექანიკური ჩანაცვლებით და ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარსს" - აღნიშნა ბერიძემ სხდომაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები