Accentnews.ge
ეკონომიკის მინისტრი – „ანაკლიის კონსორციუმს: „ნუ ეძებ მიზეზებს და კონცენტრირდი ვალდებულებების შესრულებაზე“

ეკონომიკის მინისტრი – „ანაკლიის კონსორციუმს: „ნუ ეძებ მიზეზებს და კონცენტრირდი ვალდებულებების შესრულებაზე“

30/05/2019 07:42:45 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე კონცენტრირდეს.

ამის შესახებ მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააცხადა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მლნ-იანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე იურიდული მხარდაჭერა.  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.

როგორც რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.  მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა. 

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან“, – დასძინა თურნავამ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S