
29 სექტემბრიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება მოხდება
02/09/2024 13:50:05 საზოგადოება
შსს-ს ცნობით, "საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ" შეთანხმება მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან შევა ძალაში.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ" შეთანხმებას 2024 წლის აპრილში, შსს-ს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.