
CNN: აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს თვითმფრინავი დააკავა
02/09/2024 17:49:12 მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თვითმფრინავი დააკავა და ფლორიდაში გაგზავნა, იუწყება CNN.
აშშ-ის აზრით, თვითმფრინავი ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით იქნა შეძენილი და მისი კონფისკაცია უნდა მოხდეს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საპრეზიდენტო თვითმფრინავი დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დომინიკელ კოლეგებთან ერთად შეძლეს მისი დაკავება.
შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა სანქციები მადუროს მთავრობის წინააღმდეგ ივლისის ბოლოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. როგორც ვენესუელის ოპოზიციამ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, არ აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია და მადუროს შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. აშშ-ის ცნობით, რეალური გამარჯვებული ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი იყო. გამოცხადებული შედეგების საპასუხოდ, ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის დროსაც ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ათამდე დაიღუპა.
2020 წელს შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა მადურო ნარკოტიკების კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში. ბრალი წაუყენეს ვენესუელის სხვა მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრს. მათ წინააღმდეგ აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
ვენესუელა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად.