
პუტინი მონღოლეთში ჩავიდა
02/09/2024 20:20:15 მსოფლიო
კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა მონღოლეთში. ეს პუტინის პირველი ვიზიტია მონღოლეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში - ქვეყანაში, რომელზეც უნდა გაიაროს "ციმბირის ძალა-2"-მა - რუსეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელმა მილსადენმა.
რუსეთი წლებია აწარმოებს მოლაპარაკებებს მის აშენებაზე. ახალი მილსადენით, რომლის საპროექტო სიმძლავრეა 50 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში, კრემლის ჩანაფიქრის მიხედვით, უნდა ჩანაცვლდეს ევროპული ბაზრის დაკარგვა, სადაც ომამდე "გაზპრომს" 150 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაჰქონდა.
სამშაბათს პუტინი მონღოლეთის პრეზიდენტთან უხნაგინ ხურელსუხთან გამართავს შეხვედრას.
რუსეთი განიხილავს მონღოლეთს „იაფი გაზის“ მიწოდების შესაძლებლობას, თუკი მილსადენი "ციმბირის ძალა-2" აშენდება, - განაცხადა პუტინმა მონღოლურ გაზეთ „ონოდორთან“ ინტერვიუში.
პუტინის თქმით, ასევე მზადდება მთავრობათაშორისი შეთანხმება მონღოლეთის ნავთობპროდუქტებით ფასდაკლებით მომარაგების შესახებ.
მონღოლეთს გასულ კვირაში უკრაინამ მოუწოდა პუტინი დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტს ბრალად სდებენ ასობით უკრაინელი ბავშვის უკანონოდ გაყვანაში ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს.
ულან-ბატორს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მაც.
დაპატიმრების ორდერი სასამართლოს 124 წევრ ქვეყანას - მათ შორის მონღოლეთს - ავალდებულებს პუტინის დაპატიმრებას და მის გადაცემას ჰააგისთვის, თუკი ის მათ ტერიტორიაზე შევა.
კითხვას, ჰქონდათ თუ არა მონღოლეთის ხელისუფლებასთან მსჯელობა ICC-ის ორდერზე, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გასულ კვირაში უპასუხა, რომ "დეტალურად იქნა განხილული ვიზიტის ყველა ასპექტი".