
მედია: ირანი პირველად გადასცემს რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს
03/09/2024 06:35:43 მსოფლიო
ევროპელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ "უახლოეს მომავალში" ირანმა შესაძლოა, რუსეთს თავისი ბალისტიკური რაკეტები პირველად გადასცეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ,- წერს Bloomberg.
წყაროებმა უარი თქვეს ბალისტიკური რაკეტების ტიპის დასახელებაზე, თუმცა, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მიწოდება შეიძლება "დღეების განმავლობაში" დაიწყოს. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ ბალისტიკური რაკეტების გადაცემა "შეიძლება იყოს შემაშფოთებელი მოვლენა."
სააგენტოს ცნობით, დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის G7-ის ქვეყნები, უკვე განიხილავენ სანქციებს ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში.
მოკავშირეების მიერ განხილულ წინასწარ ზომებს შორის არის ახალი შეზღუდვები ირანულ ავიაკომპანია Iran Air-ზე. გარდა ამისა, G7 ემზადება საჯაროდ დაგმოს თეირანის ქმედებები და დიპლომატიური არხებით დაუკავშირდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ საუბარი შეიძლება იყოს Fath-360-ზე - მაქსიმალური დიაპაზონი 120 კილომეტრი, ქობინი 150 კილოგრამს იწონის.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ირანი და რუსეთი აქტიურად ავითარებენ სამხედრო თანამშრომლობას.