03-09-2024 15:22:56 კავკასია
ბრიტანეთის მოქალაქე ჩეჩენმა მაგომედ აბუბაქაროვმა განაცხადა, რომ ის აწამეს ჩეჩნეთში - ჯერ ურუს-მარტანში, სადაც ის 2023 წელს იმყოფებოდა ოჯახური საკითხების გამო, შემდეგ - გროზნოს საავადმყოფოში. ამის შესახებ „წამების წინააღმდეგ გუნდმა“ ისაუბრა.
აბუბაქაროვის თქმით, ჩეჩენ სამართალდამცავებს სურდათ, რომ მას "ჯაშუშობა" ეღიარებინა.
აბუბაქაროვი რამდენიმე წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. 2023 წლის მაისში ის ჩაფრინდა ჩეჩნეთში და დარჩა ნათესავებთან ქალაქ ურუს-მარტანში. რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციამ მისი ძებნა დაიწყო. 30 მაისს ის სახლიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც თითქმის ერთი თვე გაატარა. მისი იქ ყოფნა არანაირად არ იყო დოკუმენტირებული და არც ბრალი წაუყენებიათ. აბუბაქაროვის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის სარდაფში იმყოფებოდა, მასთან კომუნიკაცია ФСБ-ს ოფიცერს ჰქონდა.
„არაერთხელ მცემეს, მოითხოვდნენ, მეღიარებინა შეიარაღებულ ჯგუფში მონაწილეობა და 2009 წელს ურუს-მარტანში სამხედრო პერსონალის სიცოცხლის ხელყოფა. არაფერი მიღიარებია“, - განაცხადა აბუბაქაროვმა.
როდესაც აბუბაქაროვი გაათავისუფლეს, მან დიდ ბრიტანეთში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა კვლავ დააკავეს - ამჯერად გროზნოში საპასპორტო კონტროლისას 2023 წლის 5 ნოემბერს. მამაკაცის თქმით, დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც მას ელოდა იგივე ФСБ-ს ოფიცერი. მან აბუბაქაროვს საბუთები წაართვა და უთხრა, რომ "ღონისძიებების სერიის" გავლა მოუწევდა.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აბუბაქაროვს დაკითხვაზე დაატარებდნენ. 2024 წლის 4 აპრილს მის სახლთან რამდენიმე მანქანა მივიდა, გადმოვიდნენ ნიღბიანი პირები, ერთ-ერთმა მას ესროლა. ამის შემდეგ აბუბაქაროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოში სამართალდამცავები კვლავ მივიდნენ მასთან და დაუწყეს ცემა და წამება.
„თანამშრომელმა მუშტი დამარტყა სახეში, თავში და საზარდულის არეში. მოითხოვდა, მეღიარებინა, რომ ბრიტანული დაზვერვის აგენტი ვიყავი. ეს დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ვყვიროდი, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი“, - განაცხადა აბუბაქაროვმა.
მოგვიანებით აბუბაქაროვი პიატიგორსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე სამართალდამცავის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ფეხის არეში მიყენებული ჭრილობის გამო მას ნაწლავებში გაუჩნდა გართულებები, რის შედეგადაც იძულებულია, ატაროს კოლოსტომიური ჩანთა, რომლის ამოღებაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე შეუძლებელია. აბუბაქაროვმა არ იცის, აღძრულია თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის ბრალდებით.