
ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის დაკავების ორდერი გასცეს
03/09/2024 12:41:11 მსოფლიო
ვენესუელის სასამართლომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა.
პროკურატურის განკარგულებაში ნათქვამია, რომ გონსალესი რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, მას ედავებიან კანონებისადმი დაუმორჩილებლობის წაქეზებას, დოკუმენტების გაყალბებას, საინფორმაციო სისტემების საბოტაჟსა და დანაშაულებრივ დაჯგუფებებში მონაწილეობას.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, მიიჩნევენ რა გაყალბებულად.
ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის არჩევნების ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი აღიარა.