
შვეიცარიამ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გახსნა საელჩო ერაყში
03/09/2024 13:35:32 მსოფლიო
შვეიცარიამ გადაწყვიტა, გახსნას თავისი საელჩო ერაყში პირველად, 1991 წლის შემდეგ - სამშაბათს, 3 სექტემბერს საელჩო ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭო იტყობინება.
შვეიცარიის საგარეომ ერაყში დიპლომატიური მისიის მუშაობის განახლება უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებით და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით ახსნა.
გარდა ამისა, შვეიცარიის მთავრობა აღნიშნავს, რომ 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის ევროპულს, აქვს თავისი საელჩოები ერაყში და თავად ბაღდადი „მზარდად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში, როგორც მხარე, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“.
შვეიცარიის საელჩო ბაღდადში, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია პოლიტიკურ და დიპლომატიურ ამოცანებზე, ხოლო საკონსულო საკითხებს და ვიზის მოთხოვნებს განიხილავს დიპლომატიური მისია იორდანიის დედაქალაქ ამანში.
შვეიცარიის საელჩო ერაყში დაიხურა 1991 წელს.