
მონღოლეთი პუტინის დაკავებაზე უარს რუსეთზე დამოკიდებულებით ხსნის
03/09/2024 13:46:50 მსოფლიო
რომის სტატუტის ხელმომწერმა მონღოლეთმა ვერ შეასრულა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის დაკავების თაობაზე რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების გამო,- მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენლის ამგვარ კომენტარს Politico ციტირებს.
„მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (ამგვარი მხოლოდ ორია - რუსეთი და ჩინეთი ), ადრე ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებები იყო. ეს მარაგი გადამწყვეტია ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სპიკერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონღოლეთი „ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას თავის დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაც დასტურდება ჩვენი ოფიციალური განცხადებებით“.
მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ პუტინის ვიზიტი შეესაბამება 1939 წელს ხალხინ გოლის ბრძოლაში იაპონიაზე საბჭოთა და მონღოლური ჯარების გამარჯვების წლისთავის ერთობლივი აღნიშვნის ისტორიულ პრეცედენტს - სწორედ ამ ფორმალური საბაბით იმყოფება კრემლის ლიდერი ამჟამინდელი ვიზიტით მონღოლეთში.
3 სექტემბერს პუტინის ვიზიტი მონღოლეთში იყო მისი პირველი ვიზიტი ICC-ის რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა 2023 წლის მარტში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთის უარის ორდერის შესრულებაზე უწოდა "მძიმე დარტყმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის".