ბელარუსში „ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის“ მინისტრების ვიზიტი დააანონსეს

03-09-2024 18:34:19

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების მინისტრები დაესწრებიან საერთაშორისო კონფერენციას „არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ“, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართება მინსკში. ამის შესახებ სახელისუფლებო სააგენტო BELTA იტყობინება.

რიჟენკოვის თქმით, ბელარუსის რეჟიმს სურს, მოიწვიოს ქვეყნის "მეზობლები", ისევე როგორც ევროკავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები კონფერენციაზე.

„პოტენციურ მონაწილეთაგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მინისტრმა უკვე დაადასტურა საკუთარი მონაწილეობა“, - დასძინა მან.

კონფერენცია ეხება "ბელარუსის მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს". ამ ფონზე ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ადანაშაულებენ მეზობელი ქვეყნები არალეგალური მიგრაციის ინსტრუმენტად გამოყენებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებიდან ბოლო წლებში ბელარუსს მხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები