03-09-2024 21:57:13 ევროპა
სერბეთისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები - მილოშ ვუჩევიჩი და ანდრეი პლენკოვიჩი წაკამათდნენ სერბეთის ტერიტორიაზე მამაკაცის დაკავების შესახებ, რომელიც, თითქოს ზაგრებისთვის ჯაშუშობდა. ამის შესახებ HRT იტყობინება.
მედია წერს, რომ სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართული სტრატეგიული ფორუმის კულუარებში ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა სერბეთში დაკავებული სავარაუდო ჯაშუში შეადარა იეტის (თოვლის კაცი) - ჰიმალაიში მცხოვრები ორ ფეხზე მოსიარულე ბალნიანი მითური არსება. პლენკოვიჩმა სიტუაცია ასევე შეადარა ფილმს "ბალკანეთის ჯაშუში", რომელშიც მთავარ გმირს პარანოიდულად სჯერა, რომ მისი ბინადარი დაზვერვის ოფიცერია.
თავის მხრივ, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არსებობს და რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალა ხორვატ კოლეგასთან.
„მე ვუთხარი ბატონ პლენკოვიჩს, რომ ვფიქრობ, ხორვატიის უშიშროების სამსახურებმა კარგად იციან, ვინ არის ის“, - თქვა ვუჩევიჩმა და დასძინა, რომ დაკავებული მამაკაცი წარმოშობით სერბია, მაგრამ უცნობია, აქვს თუ არა მას ხორვატიის მოქალაქეობა.
სერბეთის სადაზვერვო სამსახურებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ხორვატიისთვის ჯაშუშობდა, მაგრამ მის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა. ხორვატიამ მაშინ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა რაიმე მტკიცებულება ასეთი დაკავების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი „ჯაშუშური სკანდალი“ ბელგრადსა და ზაგრებს შორის. 2023 წლის ნოემბერში სერბეთმა გააძევა ხორვატიის საელჩოს პირველი მდივანი ჰრვოიე შნაიდერი ჯაშუშობაში დადანაშაულების ფონზე. საპასუხოდ ზაგრებმა გააძევა სერბეთის საელჩოს მრჩეველი პეტარ ნოვაკოვიჩი.