
ავსტრიის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი რუსეთში დასაქმდა - ამურის ვეფხვებს დაიცავს
03/09/2024 18:13:06 მსოფლიო
ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარინ კნაისლმა, რომელმაც საკუთარ ქორწილში ვლადიმირ პუტინთან ერთად ცეკვით მიიპყრო ყურადღება, თანამდებობა მიიღო - "იშვიათი ამურის ვეფხვის შენარჩუნების საქმიანობის ელჩი რუსეთში." ამის შესახებ რუსული ამურის ვეფხვის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სერგეი არამილევმა კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
”იგი სრულად უჭერს მხარს ამ ცხოველის დაცვას რუსეთში, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ის საუბრობს ჩვენს საქმიანობაზე, ჰყავს საკმაოდ ბევრი პარტნიორი, რომლებიც მონაწილეობენ ჩვენს ღონისძიებებში".
არამილევის თქმით, ამურის ვეფხვის ცენტრი ყველაზე ხშირად მიმართავს კნაისლს რჩევისთვის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
მას შემდეგ, რაც კარინ კნაისლმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა, დაიჩივლა „ჯადოქრებზე ნადირობაზე“ და რომ შინ დასაქმებას ვერ ახერხებდა. კნაისლი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ ლიბანში და რამდენიმე თვის წინ - რუსეთში სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად.
2020 წელს კნაისლმა დაიწყო სტატიების გამოქვეყნება რუსული პროპაგანდისტული RT-სთვის. იგი გახდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი. 2021 წელს რუსულმა ნავთობგიგანტმა "როსნეფტმა" ის დირექტორთა საბჭოში დანიშნა, საიდანაც 2022 წლის მაისში გადადგა.