დოლიძე: პრემიერი ჭორებს არ უნდა ავრცელებდეს ასინეთასავით

04-09-2024 15:08:52 პოლიტიკა ,ციტატა

"პრემიერი ჭორებს კი არ უნდა ავრცელებდეს ასინეთასავით [პერსონაჟი ფილმში „დათა თუთაშხია“], უნდა ასახელებდეს გვარებს და სახელებს, თუ იციან, რომ ამ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ და სახელმწიფო დაცვის სამსახური დაცვას უნდა ნიშნავდეს. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ეს არ ხდება, ამის ნაცვლად ხდება ჭორების გავრცელება, რომ ისევ ოპოზიციას დაბრალდეს ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში იქნება",- თქვა "ხალხისთვის" წევრმა ანა დოლიძემ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერებზე თავდასხმის რისკების შესახებ.

4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის რისკებზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - თქვა კობახიძემ.

პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა, იყოს ფხიზლად და „რადიკალური ოპოზიციის“ ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები