04-09-2024 21:12:20 პოლიტიკა ,სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრი, გლდანის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია. დაკავებულია ირაკლი ნადირაძეც.
როგორც ეძგვერაძის ერთ-ერთი მხარდამჭერი აცხადებს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადაღებას აწარმოებდნენ, რაც ეძგვერაძემ გააპროტესტა და ამას მოჰყვა პოლიციელების გაღიზიანება და შემდეგ მისი დაკავება. ადგილზე იყო დაპირისპირება.
"პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარ, როგორ იქცევი? ხალხს აგინებენ!" - ისმის შემთხვევის ამსახველ ვიდეოში მოქალაქის მიმართვა პოლიციელისადმი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".
„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - აცხადებენ შსს-ში.
ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში, არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ირაკლი კობახიძემ დააანონსა ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ის, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ებრძოდეს უმუშევრობას და გაჭირვებას, სიღარიბეს, კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს. ბუნებრივია, მთავარი სამიზნე, როგორც ყოველთვის, არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“.
დღევანდელი თავდასხმა ჩვენს ლიდერებზე, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარეზე, ირაკლი ნადირაძეზე, ასევე, ჩვენი პოლიტიკური პარტიის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე და საარჩევნო შტაბის უფროსზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილი სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს მთავარ კონკურენტს და მეორე, ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ რაიმე სიკეთეზე შეეძლოს პოლიტიკურ გუნდს საუბარი, ისინი კვლავ სთავაზობენ საზოგადოებას დაპირისპირებას, ძალადობას, ქაოსს. უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, სიღარიბეს, დაჭერებით მუქარებით და დაპირისპირებით პასუხობს ივანიშვილი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ფორმულასთან“.