სომხეთი BRICS-ის ალიანსის სამიტს დაესწრება

05-09-2024 10:56:07 კავკასია ,მსოფლიო

სომხეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაესწრება BRICS-ის ალიანსის სამიტს, რომელიც რუსეთში, ქალაქ ყაზანში ტარდება.

„დიახ, მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა 4 სექტემბერს.

სომხეთი დაძაბულ ურთიერთობაშია რუსეთთან. ნიკოლ ფაშინიანს ბოიკოტი აქვს გამოცხადებული რუსეთის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისათვის“ და არც ერთ ღონისძიებაში არ მონაწილებს.

სომხეთს არც ოფიციალური განაცხადი აქვს BRICS-ის წევრობაზე გაკეთებული და არც პოლიტიკური. ქვეყანა სამიტზე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებთან ერთად მიიწვიეს.

სარგის ხანდანიანმა, სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სომხეთის BRICS-ის სამიტში მონაწილეობა დასავლეთთან ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის.

სამიტი ყაზანში დადეგმილია 22-24 ოქტომბერს და სავარაუდოდ, მორიგ გაფართოებას განიხილავს. წევრობაზე რეგიონიდან თურქეთს და აზერბაიჯანს აქვთ განაცხადები წარდგენილი.

BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეუერთდა.

2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც.

BRICS-ში გაწევრიანებას მალაიზია და ტაილანდიც ელოდებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები