05-09-2024 11:32:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" თანაგუნდელის გარდაცვალებაში ოპონენტებს სდებს ბრალს.
კერძოდ, როგორც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე თქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა "ოცნების" წევრს ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
„გუშინ წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს ამას ჩვეული მეთოდებით",- განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან გუნდის სახელით მიუსამძიმრა ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლებს.
ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
"ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.
ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე - შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ - შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს - "მე ვესროლე" კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი.
ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.