ხაბეიშვილი - "ოცნების" ბრალზებაზე: სიგიჟე, ტყუილების კასკადი, პროპაგანდა!

05-09-2024 14:48:26 პოლიტიკა

"სიგიჟე, ტყუილების კასკადი, პროპაგანდა" უწოდა ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა წყალტუბოში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს, რაშიც "ქართული ოცნება" ოპონენტებს ადანაშაულებს.

"ბავშვი ჩაახრჩეს ქვევრში, რომ არჩევნები მოეგოთ! ეს ტყუილები მოუყვნენ ბიძინა ივანიშვილს. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას. ძალიან მძიმეა ეს ფაქტი! დანარჩენი, რაზეც ისაუბრეს, არის სრული ტყუილი. როდესაც მკვლელობაზე ლაპარაკობენ, ნუგზარ ფუტკარაძე მართლა რიჟვაძის ოჯახის წევრების ზეგავლენით, შანტაჟით, მუქარით მოკლეს ეს ადამიანი - არსებობს ჩანაწერები; ია კერზაია იქამდე მიიყვანეს, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა. [...]

მე რაც ვნახე, ორი ადამიანი საუბრობდა ერთმანეთში და სამწუხაროდ, ადამიანი გარდაიცვალა. პარტიასთან შეხება არ აქვს.

როცა შეურაცხყოფაზე ლაპარაკობენ, შეგახსენებთ, ათასობით ადამიანს, ბავშვებს ურეკავდნენ და აშინებდნენ. ლაშა ფარულავას მამას დაურეკეს, "შენს შვილს კოჭებს დავუხვრიტავთ, მოგისვენებთ სახლშიო" და საავადმყოფოში მოხვდა ეს ადამიანი. ამას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, შსს, სუსი - ისინი აორგანიზებდნენ. ყველაფრის პროპაგანდისტულად გამოყენება როგორ არ რცხვენიათ?!",- თქვა ხაბეიშვილმა.

როგორც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე თქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა "ოცნების" წევრს ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

მოგვიანებით ამავე პარტიის წევრმა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნაცური პროპაგანდა კლავს". ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ მისი სხვა თანაგუნდელებიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები