06-09-2024 10:18:41 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-სთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას ტრადიციულად ანტიდასავლური სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა და კვლავ შეაქო საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მთელი რიგი ანტიდემოკრატიული კანონების მიღების გამო.
საუბარია ამჯერად "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულ სადავო კანონსა და ახლახანს მეორე მოსმენით მიღებულ ე.წ. "ლგბტ-პროპაგანდის საწინააღმდეგო" ("ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ") კანონზე. პირველთან მიმართებაში ლავროვმა კვლავ გაიმეორა სიცრუე, თითქოს კანონის ქართული ვარიანტი "ბევრად რბილია ფრანგულზე, პოლონურზე, ამერიკულზე", მეორესთან დაკავშირებით კი ამტკიცებს, რომ კანონი "ქართველი ხალხის ინტერესებშია".
„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული, კულტურული ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა - ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. ისევე, როგორც არ ახარებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"ოცნების" მთავრობისა და პარლამენტის ქების ფონზე რუსი მინისტრი მათთან დაპირისპირებულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზ გადასწვდა, მოსკოვისთვის უკვე ტრადიციულად, მის ძაგებას შეუდგა და ამჯერად "თავის დროზე მოსკოვის წინაშე ნაკისრი და შეუსრულებელი ვალდებულებები" შეახსენა:
"2004 წლის შემდეგ ზურაბიშვილი, რომელიც იმხანად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ, სააკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მიიწვია. სწორედ მასთან გავაფორმეთ 2005 წელს საქართველოში დარჩენილი ორი რუსული ბაზის გაყვანის შესახებ შეთანხმება. ამასთან, ბათუმის ბაზის გაყვანის შესახებ დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივი ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებას რამდენიმე ასეული ადამიანის რიცხოვნობით, რომელთაგან 80% ქართველი ძალოვანები და სამხედროები იქნებოდნენ, დანარჩენი - რუსეთის წარმომადგენლები. ასე, რომ იყო მშვენიერი შესაძლებლობა, მშვიდობიანად გადაგვეჭრა ეს საკითხი და შეგვენარჩუნებინა მეგობრული კოოპერაცია იმ დროისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიც ტერორიზმთან ბრძოლაა. ჩვენ - რუსულმა მხარემ ყველა ვალდებულება პატიოსნად შევასრულეთ, როგორც ყოველთვის ვიქცევით. აი სააკაშვილის მთავრობამ კი ჩვენთან მიღწეული შეთანხმებები არ შეასრულა - ანტიტერორისტული ცენტრი არ შეიქმნა".
დასასრულს, მთლიანობაში საქართველოზე საუბრისას, ლავროვი იმ ლიბერალური დემოკრატიის ლანძღვას დაუბრუნდა, რომელსაც ხშირად აძაგებს "ქართული ოცნებაც" თავის ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ რიტორიკაში:
"საქართველოს მაგალითი საჩვენებელია. სულ უფრო მეტი ქვეყანა ხვდება, რომ ლიბერალური დემოკრატია, რომელშიც მათ დასავლეთი ითრევს, ეწინააღმდეგება მათ ფესვებს, წინაპრების ტრადიციებს. სწორედ მათი წალეკვა სურს დასავლეთს დ ჩანაცვლება საკუთარი ე.წ. არატრადიციული ფასეულობებით, რითაც თავისი ჰეგემონიის შენარჩუნებას ცდილობს".