
მედია: ირანმა რუსეთი გააფრთხილა, სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარე არ დაიჭიროს
06/09/2024 18:09:24 მსოფლიო
ირანის ახალმა რეფორმისტულმა მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს,- იტყობინება „გარდიანი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ აბას არაღჩიმ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და რუსეთი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთ-ირანის საზღვარზე სახმელეთო დერეფნის შესახებ, რაც, თეირანის აზრით, შეზღუდავს მის წვდომას ევროპასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან.
„რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ არის მხოლოდ პრეფერენცია, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საყრდენია. ნებისმიერი საფრთხე ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისადმი ან საზღვრების შეცვლის მცდელობა სრულიად მიუღებელია და ირანისთვის "წითელი ხაზია“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში.
„გარდიანი“ წერს, რომ ეს განცხადება, შესაძლოა, მიუთითებდეს ირანის ახლად არჩეული მთავრობის მზადყოფნაზე, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ.
გამოცემა მიუთითებს, რომ რუსეთი და ირანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებენ, თუმცა მისი შინაარსი ჯერ კიდევ განხილვის საგანია - ირანის მთავრობაში არსებობს გარკვეული დაძაბულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიპლომატიური საფასურის გადახდა შეიძლება მოუწიოს თეირანს რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაღრმავების სანაცვლოდ.
ამასთან, გამოცემა იხსენებს იშვიათ დიპლომატიურ სკანდალს ორ ქვეყანას შორის, რომელთაც გააღღმავეს ურთიერთობები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ირანმა ამ კვირას საგარეო უწყებაში დაიბარა რუსეთის ელჩი და საპროტესტო ნოტა გადასცა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და არაბულმა ქვეყნებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებენ ირანის პრეტენზიებს სპარსეთის ყურეში სადავო კუნძულებზე.
„გარდიანის“ აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ნათელი მინიშნებაა, რომ თეირანი უკმაყოფილოა მოსკოვის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის მოწოდებას, სომხეთის გავლით ნახიჭევანის ექსკლავთან დასაკავშირებლად დერეფნის გახსნის შესახებ. ირანი მუდმივად აფიქსირებდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით - ეს დერეფანი სომხეთის რეგიონზე - სიუნიკზე გადის. სომხეთის პოზიციაა, რომ დერეფნის გახსნის შემთხვევაში საბაჟო კონტროლს სომეხი მესაზღვრეები განახორციელებენ, რასაც აზერბაიჯანი არ ეთანხმება.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ირანსა და რუსეთს შორის დავის განახლების მიზეზი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მხარს უჭერს დერეფანს.