
ოსტინი: უკრაინას აქვს იარაღი, რომლის დიაპაზონი აღემატება ამერიკული ATACMS-ებისას
06/09/2024 19:39:44 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა "რამშტაინის" ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ აშშ ან ნატოს სხვა ქვეყნები უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს მიაწოდებენ, ეს ომის მიმდინარეობას არ შეცვლის.
მისი აზრით, სარაკეტო თავდასხმები ობიექტებზე რუსეთის სიღრმეში ვერ შეცვლის ვითარებას ფრონტზე.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი იარაღი, რომლის დიაპაზონი აღემატება ამერიკულ ATACMS-ის და ბრიტანული Storm Shadow-ის მახასიათებლებს - ეს არის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ათასობით კილომეტრის დაფარვა და უკვე წარმატებითაც გამოსცადეს რუსეთის სიღრმეში.
თუმცა, ოსტინმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მტკიცეა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაში. დღეს ამერიკის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პირველად დაესწრო პირადად "რამშტაინის" შეხვედრას, მოკავშირეებს სთხოვა მეტი შორი დისტანციის რაკეტების გამოყოფა უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის და შეზღუდვების მოხსნა მათ გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში სამხედრო მიზნების წინააღმდეგ.