
ლატვია ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება
09/09/2024 05:11:07 მსოფლიო
ლატვია ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება.
როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო იტყობინება, დრონი ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა.
ინციდენტი რეზეკნენის მხარეში მოხდა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ მომხდარის შესახებ NATO-ს სარდლობას აცნობეს.
ლატვიელი სამხედროები და სპეცსამსახურები გამოძიებას აწარმოებენ.
მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა დაადასტურა ინფორმაცია უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოვარდნის შესახებ და დასძინა, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განმავლობაში, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები 20-ზე მეტჯერ იქნა აღმოჩენილი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის – რუმინეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში.