კობახიძე: "ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ"

09-09-2024 12:10:09 ციტატა

„ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს. აშშ-ის ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ეს კითხვა-პასუხი აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ, პირველ რიგში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია და ასეთ პირობებში მათ რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან ასეთი ტიპის საფრთხეებისგან. ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოახერხა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეების იდენტიფიცირება როგორ უნდა მოეხერხებინა. კინაღამ მოკლეს კაცი. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე და ყველამ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქციის ქვეშ მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი ევროპაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა დე-ფაქტო სანქცია, რომელიც არის ამოქმედებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ასეთი სანქციები და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს და აქ სასწორზე დგას მთავარი - მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში - უკრაინაში. არავითარი შანტაჟი და სანქცია მას არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ივანიშვილი არ დაუსანქცირებიათ:

"ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ - კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას და თქმას, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერილმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის დასახმარებლად იმაში, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები