კომიტეტმა "დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
09-09-2024 15:07:47
პოლიტიკა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი "დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ", თანმდევ კანონპროექტებთან ერთად და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა.
„კანონპროექტის ძირითად მიზანია ქვეყანაში შეიქმნას დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელსაც ასევე ექნება რამდენიმე ქვემიზანი: დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და გამოძიება, დაკარგული პირების იდენტიფიცირება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას.
"მომხსენებლის განმარტებით, ეს მონაცემები დღეის მდგომარეობით, გარკვეული ფორმით არსებობს, ვინაიდან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ხდება დნმ-ის მონაცემების შეგროვება, ასევე ადამიანები საკუთარი სურვილით აკეთებენ დნმ-ის ანალიზს და ა. შ. თუმცა ამას ერთიანი სტრუქტურიზებული ფორმა არ გააჩნია. შესაბამისად, ინიციატორთა მიზანია, რომ სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტით დარეგულირდეს მსგავსი ბაზის არსებობა.
დნმ-ის მონაცემთა ბაზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება და მასში „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები შეინახება.
- წარმოდგენილი კანონის პროექტით დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები განისაზღვრება.
- კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები, კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.
- გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის, მისივე თანხმობით, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტი 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, დამატებით გამოვა მთავრობის შესაბამისი დადგენილება კონკრეტული პროცედურული საკითხების დასადგენად, რომლებიც მნიშვნელოვანია ბაზის გამართული ფუნქციონირებისათვის.
- მისივე თქმით, პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია და აღნიშნული ბაზის ფორმირებას საბოლოოდ 15 მილიონი ლარი დასჭირდება", – ნათქვამია პარლამენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.