ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

09-09-2024 17:49:24 საზოგადოება

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ლაშა ბაქრაძის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნით მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, "ბაქრაძის მიმართ ჩატარდა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე ბაქრაძის განცხადებას, რაც მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და იმ მუზეუმის ავტორიტეტს ლახავს, რომელსაც მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული".

„კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე.

ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული. ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა.

ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით.

შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან.

ინფორმაციისთვის: ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მოგვიანებით, აღნიშნულთა დაკავშირებით კომენტარი ლაშა ბაქრაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ "კარგი იქნებოდა, ეს ამბაი მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გაეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე დაკავშირებოდა".

"სამსახურიდან გაგდებას, რა საკვირველია, მე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, რადგანაც ყოველთვის აქტიურად ვიღებდი სხვადასხვა პროტესტში მონაწილეობას და მითუმეტეს, რაც, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში წამოვედი, მას შემდეგ ეს ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ დიდი ხანი ჩემი ყოფნა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი და ძალიან მიყვარს ჩემს თანამშრომლებთან თანამშრომლობა და მუშაობა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რომელიც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, ამიტომ, ამაზე არ მინდა ყურადღება გავამახვილო, ერთს ვიტყოდი უბრალოდ, რომ ძალიან სასიამოვნო და კარგი იქნებოდა, სულ ცოტა ის, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, არა ვთქვათ კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული, არამედ კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა. მაგრამ ამას, მე ვფიქრობ, ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს", – განაცხადა ბაქრაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები