Accentnews.ge
„ფოთის პორტთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა“

„ფოთის პორტთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა“

30/05/2019 09:35:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის რომან კაკულიას განცხადებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მხრიდან ალბათ ძალიან არასასურველი შეცდომა იყო დაშვებული და კარგია, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოხდა. ასე აფასებს კაკულია ფოთის ნავსადგურისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის ჯერ მიცემას, შემდეგ კი გაუქმებას. 

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, მოცემულობა ისეთია, რომ ოპოზიცია უკეთესს ვერ ინატრებდა.

„უკეთესს რომ ვერ ინატრებდა, ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა. იმედია, ამას დღის განმავლობაში კარგად გამოიყენებენ.

რეალობა გახლავთ ის, რომ ალბათ, ძალიან არასასურველი შეცდომა იყო დაშვებული იმ უწყების მხრიდან, თუ რამე სხვასთან გვაქვს საქმე, ალბათ მინისტრი გაერკვევა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოხდა. ცხადია, ამაში საამაყო არაფერია, მაგრამ გაზვიადებაც არ შეიძლება“, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტის პროექტი ცალკე თემაა და ამ საკითხს არ უკავშირდება.

„არის ცალკე ანაკლიის პორტის საკითხი, რომელსაც ეს თემა პირდაპირ არ უკავშირდება. ამიტომ ანაკლიის პორტს ერთადერთი გამოწვევა აქვს, კონკურენტუნარიანობა. ამ კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით განმეორებადი, განახლებადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ინვესტორებისთვის, რომელთაც ეჭვი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ეს კონკურენტუნარიანი პროექტია. ეს არის ანაკლიის პორტის ერთ-ერთი გამოწვევა და არა მთავრობის მიერ არასაკმარისი ყურადღება. ასეთი ფაქტები რომც იყოს, ეს გამოსწორებადია. ჩვენ პარლამენტში იმიტომ ვართ, რომ ამას არ დავუშვებთ, რადგან ანაკლია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუ მას კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე ყველა პარამეტრი თავის ადგილზე აქვს. ჩვენ იმ კვლევებს ვეყრდნობით, რომლებიც ადრე იყო“, – განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, დეპუტატის მისი თქმით, ფოთის პორტთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა და ეს საკითხი ანაკლიის თემისგან უნდა გაიმიჯნოს.

„ეს საკითხი გავყოთ – ანაკლიასთან დამოკიდებულება და ის არასასიამოვნო ინციდენტი, რომელიც ფოთის პორტთან დაკავშირებით მოხდა. ფოთის პორტსაც ცალკე განვითარებას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ იმ ფარგლებში, რომელიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული. სიტყვა –  ღრმაწყლოვანი იმიტომ გამოიკვეთა ანაკლიის პორტის შემთხვევაში, რომ ეს თავისთავად მოიცავდა თავის შინაარსით   უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც იმ ტერიტორიასთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ცხადია ეს არ უნდა დაიკარგოს და მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

დეპუტატი ირწმუნება, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. 

შეგახსენებთ, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. 

"ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღმოჩნდა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა, კონსორციუმის წარმომადგენლები და ინვესტორები კი მთავრობის წევრებს 21 მაისს შეხვდნენ:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება" - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში. 

უკვე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას ამცნო, რომ ნებართვა გაიცა მთავრობის წევრებთან შეუთანხმებლად და ის გაუქმებულია, ნებართვის გამცემი კი თანამდებობიდან გათავისუფლებული:

"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან.  გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკუმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S