
ბელგოროდში სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
11/09/2024 14:03:53 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის რეგიონში სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.
რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ინციდენტი მოხდა ნოვოოსკოლსკის რაიონში.
როგორც იუწყებიან, ნოვოოსკოლსკ-ვოლოკონოვსკის გზის 697-ე კილომეტრზე ლიანდაგიდან ელექტრომატარებლის 58-დან 11 ვაგონი გადავიდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
გლადკოვის თქმით, ადგილი ჰქონდა "სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში უკანონო ჩარევას".
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ლიანდაგის ქვეშ იყო მოთავსებული.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში რკინიგზებზე დივერსიები გახშირდა.