
ბლინკენი: ზელენსკი და ბაიდენი ორ დღეში შეხვდებიან, პრეზიდენტს გადავცემ იმას, რაც მოვისმინე რუსეთის სიღრმეში დარტყმების შესახებ
11/09/2024 17:35:36 მსოფლიო
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროში ორ დღეში შეხვდებიან ერთმანეთს. ამის შესახებ ოთხშაბათს კიევში განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და პირობა დადო, რომ ბაიდენს გადასცემს იმას, რაც მას კიევში უთხრეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული იარაღით დარტყმების განხორციელების შეზღუდვის შესახებ.
„რაც აქ მოვისმინე, პრეზიდენტს ვაშინგტონში გადავცემ. ჩვენი პრეზიდენტები გაეროში მაქსიმუმ, პარასკევს შეხვდებიან ერთმანეთს. საჭიროებები იცვლება, იცვლება ბრძოლის ველი. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება, რადგან სიტუაცია იცვლება“, - ციტირებს ბლინკენს სააგენტო RBC-Ukraine.
ბლინკენმა დასძინა, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტებით დარტყმის შედეგად ომის ესკალაციის შიში არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც შეერთებული შტატები ითვალისწინებს, როდესაც წყვეტს, გააუქმოს თუ არა აკრძალვა ასეთი დარტყმების შესახებ, მაგრამ ამავე დროს, ეს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი ფაქტორია.
უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, ისევე როგორც მრავალი პოლიტიკოსი შეერთებულ შტატებში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, დიდი ხანია, მოუწოდებს ვაშინგტონს, ბერლინს, პარიზს და ლონდონს, მოხსნან რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე მათი რაკეტების გამოყენების არაოფიციალური აკრძალვა.