
The Guardian: დიდი ბრიტანეთი უკრაინას მისცემს უფლებას, გამოიყენოს Storm Shadow რუსეთზე დარტყმებისთვის
11/09/2024 19:55:10 მსოფლიო
ბრიტანეთის ხელისუფლება დაუშვებს შორი მანძილის Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის, განუცხადეს The Guardian-ს ბრიტანეთის მთავრობიდან წყაროებმა.
მათივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა არ არის მოსალოდნელი, რომ გაჟღერდეს პარასკევს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრის შემდეგ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ კიევში მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან.
ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები „პირველი დღიდან“ მზად არის თავისი პოლიტიკის ადაპტირებისთვის, რადგან უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება იცვლება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას. ესკალატორი აქ არის პუტინი. პუტინმა სიტუაცია გაამწვავა ირანიდან რაკეტების მიწოდებით. ჩვენ ვხედავთ რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის ახალ ალიანსს“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული Storm Shadow რაკეტები 250-500 კმ მანძილზე მოქმედებს. პირველი ასეთი რაკეტები უკრაინაში 2023 წლის მაისში ჩავიდა.
მანამდე ბაიდენმა და ბლინკენმა დაადასტურეს, რომ ამერიკის ხელისუფლება განიხილავს დასავლური რაკეტების გამოყენებას რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის. მათი თქმით, ATACMS რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა უკრაინას საშუალებას მისცემს ადეკვატურად უპასუხოს ირანის მიერ რუსეთისთვის 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას.
სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს აკრძალვის სრულ მოხსნას, ხოლო პენტაგონი და დაზვერვა ფრთხილობენ კონფლიქტის ესკალაციისა და რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შიშით, წერს Financial Times. თუმცა, CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა და ბრიტანეთის დაზვერვის დირექტორმა რიჩარდ მურმა FT კონფერენციაზე შაბათ-კვირას განაცხადეს, რომ პუტინის ბირთვული საფრთხეები არ უნდა იქნას მიღებული ზედაპირულად, მაგრამ დასავლეთი ზედმეტად არ უნდა შეშინდეს.
CIA-ს დირექტორმა რუსეთისთვის ირანული რაკეტების მიწოდებას "დრამატული ესკალაცია" უწოდა. ბლინკენმა ეს მიწოდება დაადასტურა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიტანელ კოლეგასთან დევიდ ლამისთან ერთად ოთხშაბათს კიევში ვიზიტის წინ. ეს რაკეტები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის წინააღმდეგ "მომავალ კვირებში", დასძინა მან.