რა არის ცნობილი კურსკის რეგიონში რუსულ კონტრშეტევაზე - ISW-ის ახალი შეფასება

12-09-2024 11:31:37 მსოფლიო

ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) გამოაქვეყნა თავისი შეფასება ბოლო ორი დღის განმავლობაში კურსკის რეგიონში დაწყებული რუსული კონტრშეტევის შესახებ. ISW ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ ნაადრევია ამ ოპერაციის პროგრესის შესახებ გარკვეული დასკვნების გამოტანა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რუსული არმია შესაძლოა ცდილობდეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების განცალკევებას უფრო ფართო შეტევამდე.

ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 11 სექტემბრის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა სოფელ ჟურავლის აღმოსავლეთით (სოფ. კორენევოს მახლობლად) რამდენიმე პოზიციის დაკავება შეძლეს. გარდა ამისა, გამოქვეყნებული და გეოლოკაციური კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 10 სექტემბერს რუსეთის 106-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ნაწილებმა მოახერხეს სოფელ სნაგოსტის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით წინსვლა.

ექსპერტები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსულმა არმიამ მოახერხა კონტროლის აღდგენა კურსკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე, მათ შორისაა კრასნოოკტიაბრსკოე, კომაროვკა, ვიშნევკა, აპანასოვკა, მე-10 ოქტიაბრი, ობუხოვკა, ბიახოვო, ვნეზაპნოე, გორდეევკა და ოლგოვკა.

საპასუხოდ, უკრაინელმა ჯარებმა განახორციელეს ახალი თავდასხმები სნაგოსტის დასავლეთით,- ამბობს ISW. კრემლის მომხრე ტელეგრამ-არხებიც იტყობინებოდნენ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების საპასუხო თავდასხმების შესახებ.

ISW-ის თანახმად, „რუსულმა ძალებმა შესაძლოა, განიზრახონ კურსკის რეგიონში უკრაინელების მიერ კონტროლირებული ტერიტორიის გაყოფა და შემდეგ დაიწყოს უფრო ორგანიზებული მცდელობა უკრაინული ჯარების რუსეთის ტერიტორიიდან განსადევნად“.

”ამ თავდაპირველი კონტრშეტევების დროს, რუსი სამხედრო მეთაურები სავარაუდოდ ეყრდნობიან 155-ე საზღვაო ბრიგადის და 51-ე პოლკის ელემენტებს, მაგრამ სხვა დანაყოფებიც, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან ბრძოლაში”, - აღნიშნავენ ექსპერტები.

ისინი ჯერ არ არიან მზად პროგნოზის გასაკეთებლად, შეძლებენ თუ არა ამ ტერიტორიაზე მოქმედი რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას.

„რუსეთის ხელისუფლება შესაძლოა გეგმავს უკრაინიდან დამატებითი, უფრო ქმედუნარიანი ჯარების გადაყვანას კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრასთან გასამკლავებლად, თუმცა გაურკვეველია, როდის განხორციელდება ამგვარი გადასროლა“, წერს - ISW.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები