იმნაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ტურისტების ჯგუფი გადაჰყავთ, თუმცა კორონავირუსზე ეჭვი არაა
30/01/2020 11:45:56 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციან ჯგუფს ელოდებიან, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ განეკუთვნება ახალი კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას.
პაატა იმნაძის განმარტებით, ტურისტები არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, აღნიშნულ პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
არსებული ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფი საქართველოში ბაქოდან 25 იანვარს შემოვიდა, ბაქოში კი ჩინეთიდან 21 იანვარს ჩავიდა.
განახლება
ჯგუფი უკვე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც კლინიკაში განმარტეს, მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები, რაც პროტოკოლით არის განსაზღვრული. გამოკვლევები ჩატარდება იზოლირებულ ბოქსებში.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯგუფში 9 ადამიანია, მათ შორის სამი ბავშვი და ტემპერატურის მატება აღენიშნება ორ მცირეწლოვანს.
მისივე ცნობით, იზოლირებულ ბოქსებში ამჟამად სულ სამი პაციენტი იმყოფება. მათგან ერთია ქართველი 24 წლის მამაკაცი, რომელიც ჩინეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, დღეს დაბრუნდა და აღენიშნება ტემპერატურის მატება და ორი ჩინეთის მოქალაქე 6–7 წლის ბავშვები.
„როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება და ხველა. ეს ბავშვებისთვის დაავადების მესამე დღეა. დაავადების პირველ დღესთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია; ტემპერატურას, რომელიც მაღალი იყო, ტენდენცია აქვს გაჯანსაღებისკენ: დღეს ტემპერატურის მაჩვენებელი არ აღემატება 38 გრადუსს და სუბიექტურ–ობიექტური მონაცემებით, დინამიკაში გაუმჯობესებულია“,– განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.


