12-09-2024 19:39:48 ანალიზი
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული საგარეო დაზვერვა, რომელიც შესამჩნევად აქტიურობს საქართველოსთან მიმართებით, არ ტოვებს რა არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას კომენტირების გარეშე, ქართულ წინასაარჩევნო პიკშიც გამოჩნდა საინფორმაციო ველში მორიგი ვერსიების შემოთავაზებით და რომელიც თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივთან „გლობალური ომის პარტიის“ „ზრახვების“ თაობაზე დესტაბილიზაციის შესახებ. საქართველოში პროცესზე დამკვირვებლები ამ აქტივობებს „საინფორმაციო ოპერაციად“ აფასებენ და მის ინტენსიფიკაციას პროგნოზირებენ, ხოლო ვაშინგტონში რუსულ ვერსიებს აბსურდს უწოდებენ.
კერძოდ, რა ხდება
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) მორიგი მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, "ვაშინგტონს დაგეგმილი აქვს, ქართულ არჩევნებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დახმარებით ჩარევა". მტკიცებულებად თავად СВР-ის მიერ "მოპოვებული ინფორმაცია" სახელდება:
"რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, აამოქმედოს საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ახალი ინსტრუმენტი ვაშინგტონისთვის მიუღებელი "ქართული ოცნების" გამარჯვების ჩასაშლელად. ამერიკელები ამ მიზნით ამჯერად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მოელაპარაკნენ, რომელიც კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ მოხსენებას საქართველოში თავისუფალი და სამართლანი არჩევნების ჩასატარებლად პირობების ვითომდა არარსებობის თაობაზე. ხოლო არჩევნების პირველადი შემდეგების გამოცხადების შემდეგ ბიურო გამოაქვეყნებს დასკვნას ელექტორალური პროცესის დემოკრატიულ ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ. ვაშინგტონის ჩანაფიქრი ნათელია და აღარ გვაკვირვებს: პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას უნდა მიეცეს საბაბი მასობრივი საპროტესტო აქციების წამოსაწყებად ძალაუფლების ხელში ძალისმიერი გზით ჩაგდების საბოლოო მიზნით. ხსენებული ბიურო ამერიკული ხელისუფლების მუხთლური თამაშების ერთ-ერთ იარაღადაა ქცეული, რაც კიდევ ერთხელ ამართლებს რუსეთის მიერ ეუთო-ს დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას".
მოგვიანებით იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
რას პასუხობს ვაშინგტონი
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში "აბსურდს" უწოდებენ რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ბრალდებას, რომლის თანახმად, თითქოს აშშ-ს "არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის ხელის შეშლა სურს".
"ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ რუსეთის სპეცსამსახურების მსგავს ბრალდებებს აბსურდულს ვუწოდებთ. აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ომს დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას აგრძელებს", – უთხრა „აქცენტს“ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
ვის ესაუბრებიან მოსკოვიდან?
„საინფორმაციო ველს ქმნიან“,- ეუბნება „აქცენტს“ ჯერ უსაფრთხოების სექტორიდან, შემდეგ მის მიღმა რუსეთის პოლიტიკაზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი.
„[მოსკოვში] ხვდებიან, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ დაიწერს რაღაც პროცენტს (თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში ძალიან გაუჭირდება). რთულია მასშტაბების თქმა, თუმცა ამას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი. ამდენად, რეალურად არჩევნების შემდგომი ვითარებისთვის წინასწარ ქმნიან საინფორმაციო ველს, „ხომ ვამბობდით ამას არეულობა მოჰყვებოდა და ამ ყველაფრის უკან დასავლეთი დგას - ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილიო“.
ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი „აქცენტთან“ ასახელებს სამიზნეებს:
„ეს ჩვეულებრივი საინფორმაცო ოპერაციაა, რომელსაც მანამდე უფრო მშვიდად ახორციელებდნენ, ახლა - აქტიურად, რადგან ხედავენ საჭიროებას“.
ის გვირჩევს, ყურადღება მივაქციოთ, მოსკოვიდან ვინ აქტიურობს და რა საკითხების ირგვლივ:
„მაგალითად, როგორც კი აფხაზეთზე მიდის საუბარი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფრთა შემოიჭრება ხოლმე, „ამ თემას ნუ ეხებით ქართველებიო“ - აფხაზების არგანაწყენებაზე მუშაობენ, „ქართულ ოცნებას“ ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში პროპაგანდის განვითარების შესაძლებლობას არ აძლევენ (შენთან ჯერ 100%-იანი გარანტია არ აქვთ და რაიმე რომ შეიცვალოს, ზემოქმედების ბერკეტი უნდა დარჩეს [აფხაზეთის სახით]);
მეორე მხარეს არის საგარეო დაზვერვის ფრთა (ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვერ მეგობრობს), მათ თავიანთი ხალხის მხარდაჭერა აქვთ დავალებული და ამ საინფორმაციო ოპერაციაში არიან შემოსულები - როგორ მუშაობს ჰიბრიდული ომი, სწორედ ამას ვუყურებთ ამჟამად.
ამდენად, ერთის მხრივ, აფხაზეთში ცდილობენ, ვითარების კონტროლს, მეორეს მხრივ - დანარჩენ საქართველოში კონტროლის ხელში აღებას“.
როგორ შეიძლება დაეხმაროს მოსკოვის ჰიბრიდული ომი მმართელ გუნდს?
სქემა მარტივია,- გვიხსნის ჰიბრიდული ომის მკვლევარი და განაგრძობს:
„ქართულ ოცნებას“ აქვს არა დაპირებების, არამედ შიშის კამპანია - „თუკი მე არ ვიქნები, დაკარგავთ მშვიდობას, ღირებულებებს და რწმენას“. იმისთვის, რომ ეს ნარატივი გამყარდეს, საჭიროა „ბუა“, რომელმაც მუდმივად უნდა იძახოს, „მზად ვარ, მოვიდე“. ომი თუ უნდა იყოს, ის ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს? საქართველო არ გადავა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ვლადიკავკაზს არ შეუტევს, შესაბამისად, ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ჩვენ „მზად ვართ, წამოვიდეთ, თუ ხელისუფლება შეიცვლება“. და სწორედ ამას ამბობენ მოსკოვშიც - თუ ხელისუფლება შეიცვლება (უბრალოდ ამატებენ, თუ დასავლეთი გადაწყვეტს, არაკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლებაო), ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ.
მისი დაკვირვებით, ნარატივი, რომ „გლობალური ომის პარტია“ არ აპირებს არჩევნების აღიარებას, „აპირებს არეულობის მოწყობასო“, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ატარებენ „კოლბით“, „დონალდ ტრამპის მსგავსად უპირებენ მოკვდინებასო“ - ესეც ოპერაციის ნაწილია, რათა ხალხმა დაიჯეროს, რომ ვიღაცას საფრთხე ემუქრება“:
„საბოლოო ჯამში, მითები სწორედ ასე იქმნება - ყველაზე არასერიოზულ ამბავს იღებ და მას ეკიდები იმდენად სერიოზულად, რომ ხალხი იჯერებს. შემდეგ ამას მცირე „სამხილი“ დაემატება, იგივე ჩანაწერის სახით, „ესენი მშვიდობიანად არ წავლენ და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, მათ შორის, ეს კაცი თუ მოსაშორებელია, ესეც უნდა ვქნათ“ - მსგავსი ჩანაწერის შექმნა დღეს საქართველოში ტექნოლოგიებით მარტივია და მისი გამოქვეყნება დამაჯერებლობას სძენს იმას, რასაც ყვებიან“.
ამდენად, ძიძიშვილი თვის, რომ ამგვარი ოპერაციით რუსული საგარეო დაზვერვა „ქართულ ოცნებას“ ეხმარება გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან, რომელსაც არ მოსწონს მმართველი გუნდი, მაგრამ ომი აშინებს.
აქვე ძიძიშვილი გვახსენებს, რომ ომს აქვს წინაპირობები: „ხორციელდება დაჯგუფებების გადაადგილება, თავმოყრის რეგიონებში გადასროლა, ლოგისტიკური კვანძების გახსნა და გადაადგილება შესაბამის წერტილებში“. იგივე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ამერიკული დაზვერვა ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ომის გაჩაღება. საქართველოსთან მიმართებით ამჟამად, განსხვავებით მაგალითად, 2008 წლისგან, ომის ინდიკატორი არ არსებობს, მაგრამ გვთავაზობს, წარმოვიდგინოთ მძიმე სცენარი:
„26 ოქტომბრის საღამოს გამოცხადდა არჩევნების შედეგები - ოპოზიციას ხელში უჭირავს ოქმები, რომლის მიხედვითაც არჩევნები მან მოიგო, „ქართული ოცნება“ ამბობს, „მე მოვიგე“ და არ თმობს ძალაუფლებას, თბილისის ქუჩებში გამოდის ხალხი, არის აქცია და ამის პარალელურად, „ქართული ოცნება“ ამბობს, „გლობალური ომის პარტია გვიწყობს გადატრიალებასო“, ამ დროს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი აკეთებს განცხადებას, „საქართველოში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, არ დავუშვებთ გადატრიალების მოწყობას. ვაპირებთ, შეზღუდული ოპერაციის ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე და პირველი, ვაპირებთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ჩაკეტვას, რადგან ადამიანები ჩამოჰყავთ რეგიონებიდან და ვზღუდავთ მათ გადაადგილერბას“. 15 წუთში მცირე ჯგუფი, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად არის ბაზირებული, კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს და გადმოდის მაგისტრალზე (საოკუპაციო ხაზიდან 250 მეტრში)“, თავის მხრივ „ოცნება“ ამბობს, „სახლებში თუ დაბრუნდებით, ომი დაიწყება!“.
დაახლოებით ანალოგიური სცენარი იყო ბელარუსში და ყაზახეთში. ეს კატასტროფილი სცენარია ქვეყნისთვის, მაგრამ მე და თქვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ. ისინი, მათ შორის, ამგვარი მოქმედებებისთვისაც ქმნიან „კაზუს ბელის“, მაგრამ შემდეგ ეს დამოუკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ხისტი იქნება დასავლეთის პასუხი და რისთვის იქნება მზად ქართველი ხალხი - რამდენად შედგა ერად!“
ის ხაზს უსვამს, რომ პირობებში, როდესაც მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის გადალაგება ცალსახად მიმდინარეობს, პროცესები აჩქარებულია, ვისთან იქნება საქართველო და როგორი სახელმწიფო მომდევნო 60-70 წლის განმავლობაში, შემოდგომის არჩევნებზეა დამოკიდებული (2028 წელს ყველაფერი დასრულებული იქნება), „ამიტომ, ეს გადამწყვეტი არჩევნებია და ეს რუსეთშიც იციან“.